უცხოელი IT-სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვა: საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი ლეპტოპით
მამაკაცი ლეპტოპით - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
2026 წლის გაზაფხულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში სამუშაოდ ოფიციალური ნებართვა სჭირდება.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. IT-სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცდა.
„საკანონმდებლო მაცნეს" ვებგევრდზე გამოქვეყნებულ მთავრობის შესაბამის დადგენილებას „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს მოაწერა ხელი.
ცვლილებების თანახმად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა მიგრანტმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში უნდა წარადგინოს IT -სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული ანაზღაურება წლიურად 25 ათას დოლარზე ნაკლები არ არის. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით.
უფრო დეტალურად, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია:
დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ამ წესის 12​​​5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება;
ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერნეტ-კომუნიკაციების ჰაბად გარდაქმნის სურვილი არაერთხელ გააჟღერა. IT-სპეციალისტების მოსაზიდად შემოღებული იქნა სპეციალური ბინადრობის ნებართვა და შემუშავდა სპეციალური შეღავათები ამ სექტორში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0