გერმანია უგულებელყოფს საქართველოს ოფიციალური პირების შესახებ განახლებულ ინფორმაციას

© AFP 2024 / DAVID GANNONგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია ქვეყნის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 29 დეკემბრიდან პრეზიდენტის პოსტს მიხეილ ყაველაშვილი იკავებს. ანალოგიურად, საგარეო საქმეთა მინისტრად კვლავ ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული, მაშინ როცა 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან უწყებას მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს.
„ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ. მონაცემების განახლებას გარკვეული დრო რომ სჭირდებოდეს, ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ სხვა ქვეყნების მონაცემები არის განახლებული და განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მანამდე, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური სადეპუტატო კითხვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის პასუხიდან ირკვევა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა ოფიციალური ნოტა ქვეყნის ხელმძღვანელობის შესახებ მონაცემების განახლების მოთხოვნით.
არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია კვლავ მოძველებული სახითაა განთავსებული.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"
ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
ყველა ახალი ამბავი
0