საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

© Official website of President of Azerbaijan Republicილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2026
გამოწერა
ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი - გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0