სახალხო დამცველმა უფასო სასადილოების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliუფასო სადილი
უფასო სადილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2026
გამოწერა
უფასო სასადილოებში ვიზიტის დროს გამოჩნდა არსებული სისტემური გამოწვევები, მათ შორის ინფრასტრუქტურის და მენიუს კალორაჟის კუთხით.
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. სახალხო დამცველმა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე უფასო სასადილოების მონიტორინგის შედეგად, ინფრასტრუქტურული და კვების რაციონთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა.
კერძოდ, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 3 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მოინახულა ჩუღურეთში მდებარე 2 უფასო სასადილო და გაეცნო იქ არსებულ საერთო ვითარებას, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და კვების რაციონს, ასევე გაესაუბრა ბენეფიციარებს.
ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნულ სასადილოებში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა არსებული სისტემური გამოწვევები, მათ შორის ინფრასტრუქტურის და მენიუს კალორაჟის კუთხით. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა ნაწილს სასადილოდან მხოლოდ პური მიჰქონდა.
სახალხო დამცველის თქმით, სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ის პერიოდულად ეცნობა უფასო სასადილოებში არსებულ სიტუაციას და წლებია საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში საუბრობს უფასო სასადილოებში არსებულ სერიოზულ სისტემურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ შორის, უფასო სასადილოს სერვისის მართვის და სერვისის სათანადო ხარისხით მიწოდების ერთიანი სტანდარტის არარსებობაზე, რაციონისა და გამოყოფილი თანხის სიმწირეზე, ასევე, ზოგიერთ სასადილოში, განსაკუთრებით თბილისში საკვების წაღებაზე უარის და მხოლოდ პურის აღების ტენდენციაზე, რაც, ომბუდსმენის თქმით, საკვების ხარისხით უკმაყოფილებას უკავშირდებოდა.
„აღნიშნული მდგომარეობა, არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, უცვლელია და მათზე ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშიც „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა პარლამენტს", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ომბუდსმენის თქმით, სასადილოებში არსებული გამოწვევების სიმწვავე დადასტურდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციითაც, რომლის თანახმადაც, გამოძიებით დადგინდა, რომ შესაბამისი კომპანიები 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14.451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ, არაჯეროვნად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს და თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3.529.000 ლარს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 5 პირი დააკავეს - სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი. დაკავებულებს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
"აღნიშნული ცხადყოფს უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დროული დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურების მართვა, მენიუს კალორაჟი, კვების ხარისხი, უსაფრთხოება, სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბენეფიციართათვის ხარისხიანი კვების უზრუნველსაყოფად სათანადო კონტროლის და შესაბამისი ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მნიშვნელობა", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის ფუნქციონირებს უფასო სასადილოების ქსელი, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელ კვებას. თბილისის მერია აფინანსებს 60-ზე მეტ სასადილოს, სხვა ქალაქებში უფასო სასადილოები ასევე ფუნქციონირებენ მუნიციპალიტეტების დაფინანსებით.
ყველა ახალი ამბავი
0