საკონსტიტუციო სასამართლომ ენმ-ის სარჩელი საპარლამენტო კომისიის შესახებ წარმოებაში არ მიიღო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2026
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებას.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კონსტიტუციურობას ეხებოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებას. აღნიშნული კომისია იძიებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის საქმიანობას და პარლამენტში 2025 წლის მარტ- სექტემბერში მუშაობდა.
პარტიას მიაჩნია, რომ პარლამენტის რეგლამენტის მუხლი, რომელიც საკითხების ფართო სპექტრზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლთან, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში“.
პარტია ითხოვდა არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი პარლამენტის რეგლამენტის მუხლის პუნქტი, რომელიც ასე ჟღერს: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“.
პოზიციის გასამყარებლად პარტიამ მიუთითა, რომ 2025 წლის თებერვალში შექმნილი საგამოძიებო კომისიის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესწავლა და შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლის მომზადება მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის.
ამგვარად, „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზე უმრავლესობას მიეცა უფლება მისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეისწავლოს და შეაფასოს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, პარტიის თანამდებობის პირებს დაავალდებულოს კომისიის სხდომებზე გამოცხადება და პარტიის ამა თუ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მათ ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვოს.
მოსარჩელეს მოჰყავს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი - როგორც ორგანული კანონის შესაბამისად პოლიტიკური პარტიების შექმნის, ასევე მათი თავისუფლად საქმიანობის კონსტიტუციურ გარანტიას განამტკიცებს.
„მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის ისეთი ფართო განსაზღვრება, როგორიც მას „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიანიჭა, პოლიტიკურ პარტიათა თავისუფლად საქმიანობაში თვითნებური ჩარევაა“, - აღნიშნულია სარჩელში.
პარტია აღნიშნავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო ფუნქციისადმი პარტიათა ასეთი დაქვემდებარება ბუნებრივად ქმნის მათ მიერ საკუთარი მიზნებისა თუ საქმიანობის საპარლამენტო უმრავლესობის ნების შესაბამისად კორექტირების და თვითშეზღუდვის წინაპირობას, და გაუქმებას მოითხოვს.
„ამგვარად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი ადგენს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შინაარსობრივი რეგულირების ისეთ მექანიზმს, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი“, - ნათქვამია განმარტებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: პარლამენტის საგამოძიებო კომისია იკვლევს სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის ან სხვა პირების მხრიდან კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს; საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების, საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის გადაცემის ვალდებულებას კი საკუთრივ კონსტიტუცია აწესებს.
„ის გარემოება, რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის, მისთვის ახსნა-განმარტების მიცემისა თუ მასალების გადაცემის ვალდებულებას პოლიტიკური პარტიის წევრებიც ექვემდებარებიან (მათ მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე ინფორმაციის არსებობისას), არ წარმოადგენს „პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შინაარსობრივ რეგულირებას“, რომელიც პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული“, - ნათქვამია სასამართლოს არგუმენტაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ნორმა იმის შესახებ, კანონი რომ არავინ (მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა წარმომადგენლებმა) არ უნდა დაარღვიოს, ეს სამართლის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპია და არა საქმიანობის რეგულირება.
ამ მხრივ, კონსტიტუცია ვინმეს მიმართ რაიმე გამონაკლისსა თუ პრივილეგიას ცხადია, არ ითვალისწინებს.
„ამგვარად სარჩელში გამოთქმული პოზიცია, რომ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრების გამოძახება და მათთვის ინფორმაციისა თუ საბუთების წარდგენის მოთხოვნა - პოლიტიკური პარტიის საქმიანობის რეგულირებაა და ამიტომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული და ვინაიდან არ არის, ეს კონსტიტუციის 23-ე მუხლის ფორმალური მოთხოვნებთან მოდის წინააღმდეგობაში, მცდარ წარმოდგენებს ემყარება“, - ნათქვამია სასამართლოს განმარტებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედვას კონსტიტუციის 23-ე მუხლის ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებას და ამ ნაწილშიც მოსარჩელის არგუმენტებს არარელევანტურად მიიჩნევს.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ის ნორმატიული შინაარსი, თითქოს სადავო ნორმა გულისხმობს „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაქცევას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის (საგამოძიებო) კონტროლის მექანიზმად, ხოლო, პოლიტიკური გაერთიანებებისა კი - საპარლამენტო უმრავლესობისადმი ანგარიშვალდებულ სუბიექტებად“, სადავო ნორმას არ გააჩნია“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პოზიცია ემყარება სადავო ნორმის შინაარსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლისა და რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ურთიერთმიმართების არასწორ აღქმას, და ამიტომ უარი თქვა სარჩელის განხილვაზე.
ყველა ახალი ამბავი
0