პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2026
გამოწერა
ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 2026-2027 სასწავლო წლიდან განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.
ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.
სამინისტროს ინფორმაციით, მისამართის განსაზღვრისას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს.
პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება: I ეტაპზე სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი ტერიტორიული პრინციპით ონლაინ-რეგისტრაციაა. IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციაა, V ეტაპზე კი ხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში სასკოლო განათლების რეფორმის საფუძველი გახდება. ცვლილებები პირველკლასელების რეგისტრაციასაც შეეხო და საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს ერთი კილომეტრით.
ყველა ახალი ამბავი
0