არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამართალდამცველებმა ჯამში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 904 მოქალაქე გააძევეს.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განას, კონგოს, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 103 მოქალაქე.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის მარტში - 360, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 904 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით.
როგორც ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ შრომითი მიგრაციის დარეგულირების მიზნით კანონმდებლობა გაამკაცრა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი იქნება. ასევე ძალაში შევიდა შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე. კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0