ბრძოლა პლასტიკთან: 1-ელი აპრილიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიწყლის ჩამოსხმა
წყლის ჩამოსხმა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. 1-ელი აპრილიდან ძალაში შევიდა პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების რეალიზაციის აკრძალვა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალულია ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე. აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
გარდა ამისა, დღეიდან ასევე ძალაში შევიდა პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია.
კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. შეზღუდვა არ ვრცელდება პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ექვემდებარება ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა - 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.
მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია არ ვრცელდება პლასტმასის პროდუქციის ექსპორტზე. მწარმოებლები, რომლებიც პროდუქციას ექსპორტის მიზნით ამზადებენ, ვალდებული არიან, წარმოების დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარმოების დაწყებისა და დასრულების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნების და ექსპორტის განხორციელების გრაფიკის შესახებ.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. ქვეყანამ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების და ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ს შეადგენს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0