რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის ოთხი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებაქრე ობიექტი
მშენებაქრე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
გამოწერა
ოთხ ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოთხ ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.
პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს - მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80.971,596 ლარს შეადგენს.
„ამ ეტაპზე დევნილთა სააგენტო, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი ქულა ენიჭება. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს“, - ნათქამია განცხადებაში.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1.614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა. რუსთავის პარალელურად საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0