არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

© photo: Sputnik / STRINGERტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
წელს სამართალდამცველებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქე გააძევეს.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, მაროკოს, ბანგლადეშის, მიანმარის, მოლდოვას, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ლიბანის, ნეპალის, სუდანისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 105 მოქალაქე.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქე გააძევეს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით.
როგორც ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ შრომითი მიგრაციის დარეგულირების მიზნით კანონმდებლობა გაამკაცრა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ასევე ძალაში შევიდა შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე. კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0