ილია მეორის დაკრძალვის პროცესიის შესახებ საქართველოს მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დაკრძალავენ.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის პროცესიის შესახებ საქართველოს მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დაკრძალავენ.
სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება, წირვა ტარდება, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ტაძარში ღვთისმსახურებას მრევლი არ ესწრება, ადგილზე მხოლოდ მთავრობის წევრები და 40-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსახლეობას საშუალება აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
ყველა ახალი ამბავი
0