მზადება პატრიარქის დაკრძალვისთვის: მთავრობა სპეციალურ პროტოკოლზე მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerპატრიარქთან გამოთხოვება
პატრიარქთან გამოთხოვება - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2026
გამოწერა
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღისთვის უკვე დაწყებულია მუშაობა სპეციალურ პროტოკოლზე, განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. ილია II-ის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაშიც.
"პატრიარქის დაკრძალვის დღისთვის წინასწარ უნდა გაიწეროს ყველა დეტალი, რომლის დაცვითაც ილია მეორეს უკანასკნელი გზას გაატარებენ სამებიდან სიონის ტაძრამდე. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილოების მისაღებად, საქართველოში სტუმრები უცხოეთიდანაც ჩამოდიან", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მისი განცხადებით, უსაფრთხოების იმ პროტოკოლს მიიღებენ, რაც იქნება საჭიროებიდან გამომდინარე.
"ვმსჯელობთ იმაზე, რომ შევუქმნათ კომფორტული პირობები საზოგადოებას, რომ თავისუფლად მოვიდეს, შევიდეს და სამძიმარი გამოუცხადოს ჩვენს გარდაცვლილ პატრიარქს. მაღალი რანგებისთვის იქნება ის ზომები მიღებული, რაც საჭიროა, რა სიტუაციაც გვაქვს ქვეყნიდან გამომდინარე, როგორი რისკის მატარებელი იქნება ჩვენი დაცვის ობიექტი, იმ ზომებს მივიღებთ", - აღნიშნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა.
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას გააუქმა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0