ერდოღანი: თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს

© AP Photo / Mustafa Kamaciთურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2026
გამოწერა
ილია მეორე მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვისა და გულის უკმარისობა გახდა.
თურქეთის პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნა.
"პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს", - ნათქვამია ერდოღანის სამძიმრის წერილში.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში გაიმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0