ტყის დაცვა კვლავ ეროვნულ სატყეო სააგენტოს კომპეტენცია ხდება

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2026
გამოწერა
ცვლილებას სატყეო რეფორმა ითვალისწინებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია კვლავ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაეკისრება, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცვლილებას სატყეო რეფორმა ითვალისწინებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტარიდან, საშუალოდ, 2.000 ჰექტარამდე შემცირდება;
" ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური დაცვის დაბრუნება სატყეო სააგენტოსთვის და მისი თანამშრომლების – ტყისმცველების რაოდენობის ზრდა. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც სექტორში წლების განმავლობაში დაგროვდა და ერთ-ერთია უკანონო ჭრა, რომელიც გამოწვევად რჩება და რომელიც, თავის მხრივ, ჩვენი ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სხვა ბუნებრივ თუ ანთროპოგენურ ფაქტორებთან ერთად", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა.
რეფორმის ფარგლებში გაიზარდა ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა სახელფასე ანაზღაურება, გარდა ამისა დაგეგმილია ტყის მცველების და მეტყევეების რიცხოვნობის ზრდა.
"ტყის დაცვის ფუნქციის დაბრუნება, მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ჩვენი ტყეების მდგომარეობა და შემდეგ უკვე ვიზრუნოთ მის განვითარებაზე იმგვარად, რომ ეკოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ქვეყანას და მოსახლეობას", - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
უწყების ცნობით, ასევე ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც, ერთობლიობაში, უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად განვითარებასა და უფრო მეტ სარგებელს ტყის ეკოსისტემური სერვისებისგან.
"ტყე სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია ქვეყნისთვის, არის ჩვენი უსაფრთხო გარემოს გარანტი და აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც", – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ,
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
ყველა ახალი ამბავი
0