სამართალდამცველებმა აჭარაში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს სპეცოპერაცია
შსს-ს სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2026
გამოწერა
დაკავებულებს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს წევრობა", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა", "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა" და "კანონიერი ქურდობა“.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ბრალი წარედგინა კიდევ 5 პირს – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს.
"დაკავებულებს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს წევრობა", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა", "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა" და "კანონიერი ქურდობა", - აღნიშნა მინისტრმა.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. "ქურდული გადაწყვეტილებები".
აკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის "კანონიერ ქურდს", ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე მუხლის სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ქართველი სამართალდამცველებისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ პრინციპულად, მკაცრად და ყოველგვარი კომპრომისების გარეშე", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს და ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
გელაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავაგრძელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.
დღეს გავრცელდა ინფოემაცია, თითქოს სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სპეცოპერაციის დროს არანაირ დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
"არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს გახდა აუცილებელი, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირე დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში“, - აღნიშნა გელაძემ.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულია 3 ქალი, სამივე საქართველოს მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0