რატომ არ დასანქცირდა ყულევის ტერმინალი - საქართველოს ხელისუფლების განმარტება

თენგიზ შარმანაშვილი
თენგიზ შარმანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2026
გამოწერა
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო.
თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ყულევის ტერმინალის გარშემო დაიწყეს გავრცელება ცრუ ინფორმაციის ვითომ დარღვევების შესახებ, თუმცა სინამდვილეში არანაირი პრეტენზია არ წარუდგენიათ, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა ოფიციალური წერილით აცნობა.
„მათ დაიწყეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება, თითქოს რამე ირღვეოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერაფერიც ვერ წარმოადგინეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ საკუთარ თავზე ვალდებულებები აიღო და პირნათლად ასრულებს მათ.
„საქართველოში მილიონი კომისია ჩამოვიდა, ქვეყანა შეამოწმეს და ევროკავშირიდან ოფიციალური მადლობაც კი გადაგვიხადეს. კიდევ ერთხელ მოხდა იმის დადასტურება, რომ იმ ვალდებულებების ერთგული ვართ, რომელიც ჩვენს თავზე ავიღეთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.
შარმანაშვილმა გამაოგნებელი უწოდა ევროკომისიის პრესსპიკერის, შივონ მაკგარის განცხადებას და აღნიშნა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება თავად ევრობიუროკრატიის და არა საქართველოს პრობლემაა.
მაკგარიმ ადრე განაცხადა, რომ ყულევის პორტი შესაძლოა ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილიყო „ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ურთიერთქმედების გამო“, ასევე, არსებობდა საფრთხე იმისა, რომ პორტში შემოსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები შესაძლოა გამოყენებულიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისა და სანქციების გვერდის ავლისთვის.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, ნიშნავდა თუ არა რეექსპორტი იმას, რომ რუსული ნავთობი შემოდიოდა საქართველოში და შემდეგ იგზავნებოდა ევროკავშირში, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მას საქმის ზუსტი დეტალები არ გააჩნია, მაგრამ, მისი ვარაუდით, სწორედ ეს ხდებოდა.
პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნავთობს არ აწარმოებს და საქართველოს დროშის ქვეშ არანაირი გადაზიდვა არ ხორციელდება, ამიტომ პორტის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება გამართლებული იყო.
„ევროკომისიის პრესსპიკერს მოუსმინეთ? აღქმებზე დაფუძნებული განცხადება ჰქონდა... საქართველო ნავთობს არ აწარმოებს და როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს ეგიდით სადმე ნავთობი გავიდეს?“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, სასანქციო სიიდან ყულევის პორტის ამოღება იმის გამო მოხდა, რომ სანქციების გვერდის ავლის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვალდებულებები ჯერ კიდევ 2022 წელს აიღო და ასრულებს მათ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის.
დევიდ ო’სალივანის წერილში ნათქვამია, რომ ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა საქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.
თებერვლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ყულევის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიას, ასევე დაარწმუნა იგი, რომ პორტი არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0