ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeპრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ელჩთან
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ელჩთან - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ "პრევენციული დარტყმის" შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
ამერიკისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ასევე დაიღუპნენ ხამენეის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი მეუღლე, ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და რძალი.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0