ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
10 მარტს ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ბირთვული ენერგიის სამიტში. 11 მარტს ის სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველო სომხეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან მოუწოდა ევროკავშირს, საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობები გააგრძელოს.
„ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში ჩავიდა.
10 მარტს ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ბირთვული ენერგიის სამიტში. 11 მარტს ის სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში, იგი ასევე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0