ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის ქართველი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

© Georgian National Olympic Committeeფიგურულმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მილანსა და კორტინაში.
ფიგურულმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მილანსა და კორტინაში. - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2026
გამოწერა
სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე;
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას პირადი მწვრთნელი პაველ სლიუსარენკო;
ნიკა ეგაძის პირადი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე, ა(ა)იპ – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი;
ააიპ – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წევრი, ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
"მიჭირს დასახელება ქვეყნების, სადაც ამდენი გამორჩეული, ანგარიშგასაწევი სპორტსმენი იყოს სხვადასხვა სახეობაში, როგორიც ჩვენს ქვეყანას ჰყავს. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა, დიდი ბედნიერებაა და ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სახეობა, ეს სფერო ყოველთვის წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხდა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
"პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოვიდა.
"ჩვენ დღეს ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს. ამ ყველაფრის გამოხატულებაა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც, მის ფედერაციასთან ერთად, ვულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ვუხდი მადლობას. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს", – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებული ვერცხლის მედლისთვის ბერულავა-მეტელკინას წყვილი 500.000 ლარითაც დაჯილდოვდება, ხოლო თამაშებში მონაწილე სხვა სპორტსმენები კი 50.000 ლარს მიიღებენ.
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ნიკა ეგაძე კი მეათე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაშიც და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურა . ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითა იყო წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0