სამთავრობო ქალაქი თბილისში - ტენდერის პირობები გადაიხედება

© photo: Sputnik
გამოწერა
იანვარში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გენგემის და დიზაინის მოსამზადებლად 4,5 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეაჩერა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა თბილისში, არსენალის მთაზე მდებარე სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და წინასწარი პროექტების მომზადებას.
ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომელიც სამთავრობო შენობების - პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და რამდენიმე სამინისტროს - თბილისის წყალსაცავის მახლობლად, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ გადატანას გულისხმობს, დეკემბერში გახდა ცნობილი.
იანვარში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გენგემის და დიზაინის მოსამზადებლად 4,5 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა.
ფონდის გადაწყვეტილებით, რომელშიც მონაწილეობის მიღებას 6 კომპანია გეგმავდა, შეჩერებულია. საქართველოს ხელისუფლებამ, კომპანიების კითხვების გათვალისწინებით, ტექნიკური დავალების პირობების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.
ტენდერის თავდაპირველი პირობების თანახმად, გენგეგმა უნდა მოიცავდეს ტერიტორიის გადანაწილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებას, ქალაქის არსებულ ქსელთან სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებს.
წინასაპროექტო კვლევები მოიცავდა ტერიტორიის სრულფასოვან შესწავლას, არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ტოპოგეოდეზიურ და გეოლოგიურ კვლევებს, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების ანალიზს.
რა იქნება სამთავრობო ქალაქში
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს.
მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10 ათასი კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი შენობების განთავსება:
პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 კვადრატული მეტრი;
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 კვადრატული მეტრი;
ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 კვადრატული მეტრი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 კვადრატული მეტრი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 კვადრატული მეტრი;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,600 კვადრატული მეტრი;
კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 კვადრატული მეტრი;
თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 კვადრატული მეტრი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7,000 კვადრატული მეტრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 კვადრატული მეტრი.
არქიტექტურული კომპანიებისგან ბაზრის მოკვლევაზე შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ მთავრობამ პროექტის დასაწყებად, შესაძლოა, განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალიტეტს შეუთანხმოს, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ კი მისი განხორციელება დაიწყოს.