ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეუჩერა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკომისიის შენობა ბრიუსელში
ევროკომისიის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2026
გამოწერა
ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, აღნიშნულია ევროკომისიის გადაწყვეტილებაში.
თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ვიზის ფლობა მოეთხოვებათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის შესვლისას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოხდა ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის გამოყენება, რომელიც 2025 წლის ბოლოს ამოქმედდა, რაც მესამე ქვეყნებისთვის სავიზო მოთხოვნების სწრაფად აღდგენის საშუალებას იძლევა 12-დან 36 თვემდე ვადით.
„ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ევროკომისიის თვალსაზრისით, ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობას და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობას.
„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნამ, უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დამატებით ევროკომისიამ დღეს მიიღო წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში.
„ინსტრუქციები რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის გარე საზღვრების გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შესვლის აკრძალვა“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაძლიერებულად უნდა შეამოწმონ საქართველოს ყველა მოქალაქე ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები.
„გარდა ამისა, როდესაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს აკეთებენ, წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, ჩაატარონ ინტერვიუ და მოითხოვონ დამადასტურებელი დოკუმენტები ამ განმცხადებლებისგან. წევრმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ვიზების გაცემაზე, თუ ეჭვი შეეპარებათ განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
მანამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალი სავიზო რეჟიმის დაწესება არ შეუქმნით მათ პრობლემებს, და ისინი შეძლებენ გამგზავრებას როგორც ჩვეულებრივი პასპორტებით, ისე ვიზების მიღებას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0