რამდენი სასურსათო მაღაზიაა საქართველოში და რა ახდებს გავლენას ფასებზე: კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Varvara Gertyeსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2026
გამოწერა
სასურსათო მაღაზიების რაოდენობის საკითხი ქვეყანაში სურსათზე ფასების ზრდასთან დაკავშირებული განხილვების ფონზე წამოიჭრა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში ყოველ 1,2 ათას ადამიანზე ერთი სასურსათო მაღაზია მოდის, ასეთია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლისა დაცვის სააგენტოს კვლევის შედეგები.
სასურსათო მაღაზიების რაოდენობის საკითხი ქვეყანაში სურსათზე ფასების ზრდასთან დაკავშირებული განხილვების ფონზე წამოიჭრა. საქართველოს მთავრობა და კონკურენციის სააგენტო არკვევენ - ახდენს თუ არა სასურსათო მაღაზიების დიდი რაოდენობა ფასებზე გავლენას.
კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში 3.141 ქსელური სასურსათო მაღაზია ფუნქციონირებს. ქსელების მიხედვით მათი რაოდენობა შემდეგია:
„დეილი ჯგუფი" („დეილი", „სპარი", „კალათა", „გვირილა", „იოლი", „მაგნიტი") - 1 638 მაღაზია
„ნიკორა" - 724 მაღაზია
„ორი ნაბიჯი" - 640 მაღაზია
„კარფური" - 121 მაღაზია
„გუდვილი" - 9 მაღაზია
„აგროჰაბი" - 9 მაღაზია.
როგორც შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, მსხვილი საცალო ქსელების სიმრავლე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოველ ახალ დამატებით მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისთვის დისტრიბუტორს ეკისრება დამატებითი - ქსელის ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი.
„შესაბამისად, ბაზრის საცალო დონეზე მოქმედი კომპანიისთვის, ქსელის ახალი მაღაზიის გახსნის ფინანსური ბარიერი დაბალია და ეს ტვირთი მეტწილად გადადის პროდუქციის დისტრიბუტორზე, შედეგად კი მომხმარებელზე", - ნათქვამია ანგარიშში.
2023-2025 წლებში ბაზრის საცალო დონეზე მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2025 წელს 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო საბაზრო წილი 2024 წელთან შედარებით 11,3%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19,96%-ით გაიზარდა:
ამასთან, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია და არ არსებობის კომპანიათა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.
„შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მიმდინარე მონიტორინგის შედეგად სააგეტომ დაიწყოს ბაზრის შესწავლა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება", - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, სააგენტომ ვერ დაინახა დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის, როდესაც სექტორს გაჩნია შესაძლებლობა და უპირატესობა მიმწოდებლებს (დისტრიბუტორები და მწარმოებლები) უკარნახოს სავაჭრო/კომერციული პირობები.
„მიმწოდებლების მხარეს არსებული ძლიერი კომპანიები თავადაც კონკურირებენ ქსელში შესვლისას, რათა თავად შესთავაზონ ქსელს კონკურენტზე უკეთესი პირობები (ე.წ. „ქეშბექი" და სხვა არაპირდაპირი გადასახადები). ეს მოცემულობა წნეხს ახდენს განსაკუთრებით მცირე/ საშუალო ზომის და ახლად შექმნილ კომპანიებზე, სათანადოდ ან სრულფასოვნად იქნენ სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილი", - ნათქვამია ანგარიშში.
მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში სააგენტო კონკურენტულ გარემოს დამატებით შეაფასებს 2025 წლის დონეზე, მათ შორის ფასწარმოქმნის, ლოგისტიკური ჯაჭვის და ბაზრის სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა. პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა.
ფასების საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0