ბოჭორიშვილი: სპეციალური რეისები იმ ქვეყნებიდან განხორციელდება, სადაც ცა არის ღია

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ცა არის ღია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
ბოჭორიშვილის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით.
„დღეს ომანიდან განხორციელდება ერთი რეისი საქართველოს მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საქართველოს 170-მდე მოქალაქე, რომელთაც აქვთ სურვილი სამშობლოში დაბრუნების. ეს არის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას მათი გადაწყვეტილების და სურვილის შემთხვევაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ავიარეისების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო. აღნიშნულ რეიებთან დაკავშირებით მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
სპეციალური რეისების განრიგი:
მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო)
03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით);
05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო)
04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
მანამდე, 1 მარტს ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოს დატოვება ასევე შეუძლიათ სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0