ბიზნესი უცხოელთა დასაქმების წესში პრობლემებზე ალაპარაკდა: არგუმენტები

© photo: Sputnik / Stringerშარდენი
შარდენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2026
გამოწერა
საქართველოს შრომის ბაზარი ახალი რეგულაციების მოლოდინშია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისა და მათი რეგისტრაციის წესებს ცვლის.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. კომპანიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მეტი სიცხადე სჭირდებათ, განაცხადა ბიზნეს-ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ამ მომენტიდან ასევე ამოქმედდება შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე.
„არსებობს გარკვეული ორაზროვნება, რომელსაც კომპანიები აწყდებიან, მათ შორის, კომპანიების დირექტორებთან მიმართებით. მათ, კლასიკური შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობებისგან განსხვავებით, უფრო სპეციფიკური, სამსახურებრივი კონტრაქტები აქვთ. ასევე არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ამაზე გვექნება დისკუსია უწყებასთან, რომ გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებს ეს კანონმდებლობა არ შეეხოს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი განმარტებით, საუბარია ე.წ. „პირველი კატეგორიის“ მსხვილ საწარმოებზე, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ და რომელთაც მაღალკვალიფიკაციური უცხოელი კადრების მოზიდვა ესაჭიროებათ.
„ეს არის იმდენად მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნები, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებაში მყოფ კომპანიებს სჭირდებათ საერთაშორისო დონეზე აღიარებული თავისუფალი დირექტორების მოწვევა სამეთვალყურეო საბჭოებში", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ასოციაციის დირექტორის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ფიზიკური პირის დაქირავება და კომპანიებს შორის არსებული კონტრაქტები.
„ჩვენ ექსპერტებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. როდესაც აუთსორსინგზე ექსპერტიზა ტარდება, ცალსახად შეთანხმებული ვართ: თუ დაქირავებული არის კომპანია და არა ფიზიკური პირი, მისი თანამშრომლის ჩამოსვლისთვის რეგისტრაციის ვალდებულება არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
უცხოელთა დასაქმების წესი
უცხო ქვეყნის მოქალაქის დასასაქმებლად ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი.
იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურების მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
ამასთან, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი.
სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს.
მხოლოდ სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეეძლება ადგილობრივ დამსაქმებელს უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიქირავოს და დაარეგისტრიროს.
ყველა ახალი ამბავი
0