ყულევი სანქციებს არ არღვევს: პრემიერი ევროკავშირის მხრიდან მუქარაზე

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2026
გამოწერა
პრემიერის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტი არ არსებობს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით.
თებერვლის დასაწყისში ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში მდებარე ყულევის პორტთან მიმართებით შესაძლო შეზღუდვების დაწესებას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის.
კობახიძე მიიჩნევს, რომ სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტი არ არსებობს.
„ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ლოგიკურად ვფიქრობ, ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და დასძინა, რომ ყულევის პორტის სანქციების პაკეტში ჩართვა არასასურველი იქნება.
„ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან იმედი გამოთქვა, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა სააკაშვილს რაც უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, – განაცხადა პრემიერმა.
გასულ კვირაში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა სანქციების დაწესებას ყულევის პორტის წინააღმდეგ, რომელსაც „თაღლითური ოპერაცია" უწოდა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა. „სოკარმა“ 2026 წელს ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოები დააანონსა.
ყველა ახალი ამბავი
0