საქართველოში ჯანმოს სტანდარტების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა

© Emergency Management Service of Georgiaმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2026
გამოწერა
გუნდი, საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში, უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გუნდის მზადყოფნის შესაფასებლად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე, სიმულაციური სწავლება გაიმართა, რომლის მიზანიც რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება იყო.
სწავლების ფარგლებში დამუშავდა მასობრივი კატასტროფების პირობები - მათ შორის წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ტექნოგენური ავარიები. განხორციელდა დაზარალებულთა ტრიაჟი, გადაუდებელი დახმარების გაწევა და პაციენტების ტრანსპორტირება.
გუნდი, საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში, უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMT) ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები, ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩასვლისთანავე მყისიერად იწყებენ საველე, გადაუდებელი ტიპის ჰოსპიტლის მოწყობას და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტების მიღებას.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის სწავლებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საგანგებო სიტუაციების, ისე ყოველდღიური სამედიცინო გამოწვევების მართვის პროცესში. აღნიშნული გუნდის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა ტიპის კრიზისზე ოპერატიული რეაგირებისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა EMT-ს გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
პროექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, EMT-1 გუნდი მიიღებს საერთაშორისო კლასიფიკაციას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გლობალურ დონეზე იმოქმედოს.
ყველა ახალი ამბავი
0