მიიღებენ თუ არა 1-ელ კლასში ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
გამოწერა
აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტს პეტიციის სახით წარედგინა და ის საკანონმდებლო ორგანოში 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით შევიდა.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. განათლების სამინისტრომ და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა არ გაიზიარა მშობლების მოთხოვნა მომავალი სასწავლო წლისთვის გამონაკლისის სახით პირველ კლასში იმ ბავშვების ჩარიცხვის უფლებაზე, რომლებსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. აქამდე პირველ კლასში იმ ბავშვებსაც იღებდნენ, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებოდათ.
აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტს პეტიციის სახით წარედგინა და ის საკანონმდებლო ორგანოში 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით შევიდა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პეტიციაზე იმსჯელა და დასმულ საკითხზე განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
პეტიციის ავტორებმა ხელისუფლებას საკითხის გადაჭრის ორ გზა შესთავაზეს - მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვებისთვის მიეცათ ან ამ ბავშვების მზაობა შეეფასებინათ და პირველ კლასში ჩარიცხვაზე გადაწყვეტილება შეფასების საფუძველზე მიეღოთ.
„მანამდე არსებული კანონის შესაბამისად, ბავშვები მზად იყვნენ, რომ სკოლაში შესულიყვნენ. სკოლის გარეშე დარჩენა ბავშვებისთვის დიდი სტრესი იქნება, როცა მათი ყველა თანატოლი სკოლაში წავა და ესენი სკოლის გარეშე რჩებიან. მათთვის იმის თქმა, რომ განვითარების იგივე ეტაპი უნდა გაიარონ, ბავშვების მიმართ დიდი უსამართლობა იქნება“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე პეტიციაზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა მშობელმა.
თუმცა, როგორც განათლების სამინისტრო, ასევე განათლების კომიტეტი მიიჩნევს, რომ პეტიციის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნა 6 წლამდე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება.
„ბავშვის სასკოლო მზაობა მხოლოდ აკადემიური ცოდნით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე კოგნიტიურ, ემოციურ, სოციალურ და ქცევის მზაობას, რაც ასაკთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რაც შეეხება სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმების გამოყენებას, აღნიშნულის პრაქტიკული გამოყენება მოითხოვს ბავშვზე ხანგრძლივ დაკვირვებას და არა ერთჯერად, არამედ ეტაპობრივ შეფასებას. სამინისტრომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული მოთხოვნის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია“, - ასეთია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია.
როგორც კომისიის სხდომაზე განათლებისა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში ე.წ. ფრესკულები მოეწყო და 6 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სასკოლო მომზადება ფიზიკურად სკოლის გარემოში გაიარონ, ხოლო მომდევნო წელს სწავლა სკოლაში განაგრძონ. მისი ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დაბადებულ 14.687 ბავშვს შეუსრულდა, მათგან სკოლაში 8.329 ბავშვი დარეგისტრირდა.
სიახლეები ახალი სასწავლო წლიდან:
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში სასკოლო განათლების რეფორმის საფუძველი გახდება. ცვლილებები პირველკლასელების რეგისტრაციასაც შეეხო. კერძოდ:
2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. აქამდე პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებდნენ, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებოდათ.
2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით.
