ბოჭორიშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტები ხშირად პოლიტიკური ინსტრუმენტების ფუნქციას იძენენ

© Government of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2026
გამოწერა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც სამართლებრივ რეკომენდაციებს უნდა გასცემდნენ, ხშირად პოლიტიკური ინსტრუმენტების ფუნქციას იძენენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE".
ბოჭორიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საფრთხეს უქმნის სუვერენული სახელმწიფოს უფლებების განხორციელებას.
„ჩვენ ვთქვით, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, ნაცვლად სამართლებრივი რეკომენდაციებისა კანონებთან დაკავშირებით. ჩვენს ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ: კანონზე ექსპერტიზა გადაიზარდა იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა და მოდით, გამოვცვალოთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ანალოგიური პრობლემა მკაფიოდ ჩანს ევროპის საბჭოსა და ეუთოს ინსტიტუტების საქმიანობაშიც. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტოს და განსაზღვროს ქვეყნის შიდა პოლიტიკა. პოლიტიკურ დიალოგი ხშირად სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით შექმნილი ხელოვნური პროცესი, დასძინა მინისტრმა.
„ჩვენ ნათლად დავინახეთ, როგორ შეიძლება საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი გულწრფელი ევროპული მისწრაფებები გამოყენებულ იქნეს სუვერენულ სახელმწიფოებზე ზეწოლის ინსტრუმენტად. ამ კუთხით ყველანაირი ზღვარი დაიკარგა. მათ ყველაფერი გამოიყენეს, რომ თავს მოგახვიონ წესები, რომელიც ვიღაცას რომელიღაც კაბინეტში თავში მოუვიდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მანამდე ბოჭორიშვილმა განაცხადა, ბოლო წლებში საქართველო „დემოკრატიის დაცვის სახელით" განხორციელებული უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლისა და თავდასხმების ცენტრში აღმოჩნდა, რომელიც რეალურად, ქართველი ხალხის ნების, მათი არჩეული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0