ხელისუფლება მზადაა ევროინტეგრაციის რისკებსა და საფრთხეებზე სადებატოდ - პაპუაშვილი

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2026
გამოწერა
პარტიამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გამოაცხადა მზადყოფნა, ჩაერთოს საჯარო დებატებში ქვეყნის ხელისუფლებასთან ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მავნებლობა დაამტკიცოს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ღია დისკუსიისა და დებატებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია ამ გზაზე არსებული რისკებისა და საფრთხეების სათანადოდ გააზრება და მათზე რეაგირება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ადრე, პარტიამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განაცხადა რომ მზადაა ჩაერთოს ხელისუფლებასთან საჯარო დებატებში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და წარმოაჩინოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა, რადგან, მათი თქმით, ამჟამინდელი ევროინტეგრაცია სახელმწიფოს ინტერესებს არ ემსახურება. ინიციატივას მხარი დაუჭირა პარტია „ხალხის ძალამ“.
„ვაცნობიერებთ ამ გზის მთელ სირთულეს და მნიშვნელოვანია ეს გზა სწორად გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ, რომ არის რა თქმა უნდა რისკები და ამ რისკებს სჭირდება მყარი, სუვერენული პასუხები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მიდის თავისი გზით, თავისი სახელმწიფოებრიობით, დამოუკიდებლობით და ქვეყნის ინტერესების პატივისცემის გზით და არა უკრაინული და მოლდოვური გზით. მისი თქმით, ევროინტეგრაცია არ უნდა გადავიდეს ბრიუსელისადმი მორჩილებაში, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, ახლა შორდება ევროპულ ღირებულებებს.
„მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს შესაბამისად ქართულ ღირებულებებს“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროინტეგრაცია არის საქართველოს კონსტიტუციური ამოცანა 78-ე მუხლით, რომელსაც წინ უძღვის 77-ე მუხლი, სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი გამყარებული და საქართველო არ მისცემს ბრიუსელს შესაძლებლობას, „ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში“.
2017 წელს პლებისციტის საფუძველზე მიიღეს კონსტიტუციური ცვლილება, სადაც პირდაპირ ჩაიწერა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, რომ საქართველოს ყველა სტრუქტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს.
მანამდე, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, განაცხადა, რომ კონსტიტუციური პუნქტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ რეალურად ხელს უშლის ქვეყნის ინტერესების განხორციელებას და ეროვნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს ზღუდავს.
ყველა ახალი ამბავი
0