დიალოგი აშშ-თან და ევროკავშირთან კავშირების განმტკიცება - ბოჭორიშვილი საგარეო პოლიტიკაზე

© Government of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში საქართველო საკუთარ განვითარებაზეა ორიენტირებული, თუმცა ღიაა თანამშრომლობისთვის საერთო ინტერესების ფარგლებში.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის და ორმხრივი კონტაქტების აღსადგენად ვაშინგტონისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ექს-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ორ ქვეყანას შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან არსებობდა და რამდენიმე ქართველ თანამდებობის პირს სავიზო სანქციები დაეკისრა.
„საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვის შემოთავაზებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ვიზიტის მნიშვნელობაც.
მისი თქმით, ეს ვიზიტი ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია საქართველოს შესახებ და, რა თქმა უნდა, საქართველო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში.
„ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები გადავტვირთოთ და განვაახლოთ საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისობაში იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე შეაფასა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში რეგულარულად ერევა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მხრივ თბილისისა და ვაშინგტონის პოზიციების თანხვედრას.
„საქართველო საუკეთესო მაგალითია, თუ რა შედეგები შეიძლება მიიღო, როდესაც ასე უხეშად ერევი სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ასეთი ჩარევები იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიას ხელი შეუწყოს, დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებს“, - განმარტა მინისტრმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში ბრიუსელიდან წამოსული კრიტიკა უსაფუძვლოა და ხელს არ უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს. ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობამ ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობა გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო ხვდება, რომ ასეთი პოზიცია ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს. ჩვენ ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი, იმისთვის რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ევროპის ინტერესებში - ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ - ღრმად მჯერა, რომ ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ურთიერთობების ჯანსაღ ფორმაში წარმართვა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელს ჯერ არ გადაუდგამს არანაირი რეალური ნაბიჯი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და არსებული ბიუროკრატია, თავისი ქმედებებითა და განცხადებებით, ხელშეწყობის ნაცვლად აფერხებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
„თუმცა ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ხშირად პირიქით აზიანებს ურთიერთობებს საკუთარი განცხადებებით და მოქმედებებით“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში საქართველო ორიენტირებულია საკუთარ განვითარებაზე - ეკონომიკურ პროგრესსა და მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
მისი თქმით, ქვეყანა ისწრაფვის განვითარების ისეთი დონისკენ, რომელიც მის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ იმით, რაც ევროპაში ფასობს, ხოლო თავად საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და უფრო ეფექტურად გამოიყენოს თავისი პოტენციალი.
ყველა ახალი ამბავი
0