ქვეყნის მასშტაბით ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის 10 არასრულწლოვანია

© photo: Sputnik / Stringerშსს
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2026
გამოწერა
ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
„გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით,
შსს საზოგადოებას მოუწოდებს, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამართალდამცავ უწყებებს.
ყველა ახალი ამბავი
0