კომპანია PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

© AP Photo / Kamran Jebreiliარაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროები - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
გამოწერა
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.
თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვედრის ფარგლებში უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და PRYPCO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამირა საჯვანიმ.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, ასევე ტურისტულ პოტენციალს და სხვადასხვა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ბიზნესისადმი მეგობრულ გარემოს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო და გამჭვირვალე ტოკენიზაციის პროცესის დანერგვას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებში, შეისწავლიან საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის განვითარების შესაძლებლობებს და საჯარო სერვისების სისტემებთან მის თავსებადობას.
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფება, სადაც 13-15 იანვრის პერიოდში მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0