რა პირობებშია მზად საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების აღსადგენად?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2026
გამოწერა
2025 წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გარდამტეხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის კურსი ფორმალურად შენარჩუნდა, პრაქტიკაში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგი წლის განმავლობაში შესამჩნევად გაცივდა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობების განახლებისთვის, თუმცა ევროკავშირმა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას. 2025 წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გარდამტეხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის კურსი ფორმალურად შენარჩუნდა, პრაქტიკაში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგი წლის განმავლობაში შესამჩნევად გაცივდა.
„თუ ისინი მიდგომას შეცვლიან, ეს ევროკავშირისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, რადგანაც ჩვენი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირს საქართველო ისევე სჭირდება, როგორც საქართველოს ევროკავშირი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა გაიხსენა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია ევროკავშირში უნდა ჩასულიყო, რათა ფაქტებითა და მტკიცებულებებით მოეხდინა ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა ბრალდების უარყოფა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა.
ბრიუსელში 2025 წლის 21 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირმა დაგეგმილ დრომდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გააუქმა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქართული მხარე ამ ღონისძიებას ევროკავშირთან იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობად მიიჩნევდა, რომლებზეც საზოგადოება ხშირად ისმენს ბრიუსელის მხრიდან კრიტიკას.
„მათ ეს შეხვედრა გაურკვეველი მიზეზის გამო გადადეს. მათ შეხვედრა პირდაპირ ჩაშალეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მზად არ არიან ჩვენთან სასაუბროდ და არსებითი დიალოგისთვის. მათგან მხოლოდ სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე კრიტიკა უნდა მოვისმინოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0