საქართველო აზიის უმსხვილესი ტურისტულ გამოფენა ITB CHINA 2026-ის პარტნიორი გახდა

© photo: Sputnik / Stringerგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
უმსხვილესი ტურისტული გამოფენის პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას როგორც ჩინეთში, ასევე აზიის სხვა ქვეყნებში.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველო 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სტატუსი ქვეყანას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ცნობადობა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც.
ITB CHINA 2026 ჩინეთის ქალაქ შანხაიში 26-28 მაისს გაიმართება და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია დაესწრება.
სამოგზაურო სექტორის განვითარების შესახებ დაგეგმილია სპეციალური კონფერენცია. შარშან შანხაის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 30-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა. ჩინეთი საქართველოს შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ბაზარია.
პირდაპირი ავიარეისების სიხშირისა და მიმართულებების ზრდამ, აგრეთვე ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებამ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში. ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების ზრდას ასევე ხელი შეუწყო მარკეტინგულმა კამპანიებმა, რომლებსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებსა და პროვინციებში ახორციელებს.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით და საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0