საქართველოში უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 13 ძებნილი პირია

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები დაკავებულ პირთა ნაწილის ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავა, მათ შორის 13 ძებნილი პირია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები გადაამოწმეს.
დაკავებულთა შორის არიან თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, ბათუმში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან 13 პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირების ესკორტირება სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “სარფამდე”განახორციელეს, სადაც დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.
ამჟამად დაკავებულ პირთა ნაწილი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია გადაყვანილი. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
ახალი წესების თანახმად:
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0