პრემიერი: გამოძიება ქსელურ მარკეტებში ფასწარმოქმნის საკითხს შეისწავლის

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
პრემიერის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, გამოიძიონ ქართულ ქსელურ მარკეტებში მაღალი ფასების საკითხი.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ოქტომერი 2024 წლის ოქტომბრისთვის) 5,2% შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (11,7%).
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს,“- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, რაც პროდუქტის ფასებზე ისახება.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 ათას კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირება მოხდეს.
„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებს“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფასების ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორებით - ე.წ. ქსელის ქეშბექი, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. ამასთან, კობახიძის თქმით, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება.
„საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-საც კი შეადგენს, მაშინ როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია.
„პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ", - განაცხადა კობახიძემ.
ეს, საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის პირველი განცხადება არ არის. 2020 წელს მთავრობამ პირველადი მოხმარების რიგ პროდუქტების ფასებზე ზედა ზღვარი დააწესა, რომლებიც 2021 წელს მოიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0