საქართველოს უფლება აქვს გააკრიტიკოს ევროკავშირი - თბილისის რეაქცია კალასის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2025
გამოწერა
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ბრიუსელი შეცდომას უშვებს, როდესაც საქართველოს სუსტ რგოლად მიიჩნევს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik.საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება მიანიშნებს თავისუფლების არასწორ აღქმასა და ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსადმი კოლონიალისტურ დამოკიდებულებაზე, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მანამდე კალასმა აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას „უსიამოვნო საკითხავი“ უწოდა. თუმცა, მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, აშშ ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს. როგორც კალასმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ევროპული გზით სვლის სურვილის მიუხედავად, მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. მისი თქმით, ვიდრე გაგრძელდება ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და სხვა ქმედებები, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება.
„კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე. თუ ევროკავშირი არასწორად იქცევა და ამასთან დაკავშირებით აშშ-ს შეუძლია, რომ გააკრიტიკოს და ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს, საქართველოსაც აქვს ამის უფლება. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი სხვანაირად, კოლონიალისტურად უყურებენ საქართველოს და ფიქრობენ, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, იყოს ამ სწორი პოზიციის დამფიქსირებელი“, - განაცხადა წილოსანმა.
ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, მათ შორის, კაია კალასი, ცდილობს ჩაახშოს სიმართლის გაჟღერება, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ერთადერთი სიმართლეა ის, რასაც ისინი გადაწყვეტენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოს მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ. თვლიან, რომ ჩვენ ვართ დაბალი ღობე, მაგრამ ძალიან ცდებიან. არავითარი „დაბალი ღობე" საქართველო არ არის და ყოველთვის ჭეშმარიტებაზე იტყვის, რომ ჭეშმარიტებაა, ხოლო სიცრუეს ყოველთვის ამხელს. ზუსტად ამიტომაც არის მცდელობები ევრობიუროკრატებისგან და მათ უკან მყოფი ძალებისგან, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0