პაპუაშვილი „კამიტის“ საქმეზე: BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებთ

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
სუს-ის ინფორმაციით, შსს-ს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველო BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, საკითხზე იურისტები უკვე მუშაობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
დეკემბრის დასაწყისში ბრიტანულმა მედიაკორპორაცია BBC-იმ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტის საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძია. სუს-ის მტკიცებით, საქართველოს შსს-ს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია. დასტურდება უკვე, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC. რა თქმა უნდა მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის სავარაუდოდ საჭირო იქნება ბრიტანეთში იქაური იურიდიული დახმარების გამოყენება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანი არის. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მიეცეს“.
„დადასტურდა, რომ ეს იყო საძაგელი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახლა მცდელობა აქვთ, რომ „ხელოვნურ სუნთქვაზე“ ამყოფონ ეს თემა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ამ საძაგელ დეზინფორმაციას საპარლამენტო ტრიბუნა ჰქონდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.
ყველა ახალი ამბავი
0