GCCA-მა „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა

© AFP 2024 / ODD ANDERSENთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
„კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებლის დარღვეული უფლება აღადგინოს.
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, უწყებამ „კატარის ავიახაზების“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
სააგენტოს ცნობით, მომხმარებელმა ისარგებლა „კატარის ავიახაზებით“, რა დროსაც დაზიანდა მისი ჩემოდანი და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა კომპანიას შესაბამისი რეაგირებისთვის, რაზეც „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალისგან უარი მიიღო.
„მომხმარებელმა კომპანიას მიმართა დადგენილი წესების თანახმად, შვიდდღიან ვადაში, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, თუმცა კომპანიის უარი დაეფუძნა იმ მიზეზს, რომ განაცხადი შევსებული არ იყო აეროპორტის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელი დაეყრდნო მოვაჭრის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბარგის დაზიანების შემთხვევაში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ბარგის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში.
GCCA-ს განცხადებით, ამ შემთხვევაში განსახილველ შემთხვევას ითვალისწინებს მონრეალის კონვენცია „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“. კონვენციის თანახმად, დადგენილია გადამზიდველის პასუხისმგებლობა ბარგის განადგურების, დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში და განსაზღვრულია მომხმარებლის მიერ წერილობითი ფორმით მიმართვა კონკრეტული პასუხისმგებელი კომპანიის მიმართ, 7-დღიან ვადაში. საჩივრის განხილვის სხვა დამატებით ფორმალურ ბარიერებს კონვენცია არ ცნობს და ბათილად აცხადებს ნებისმიერ სახელშეკრულებო დათქმას, რომელიც მიზნად ისახავს მსგავს შემთხვევებში გადამზიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვას, ან შემცირებას.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს. განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ 7-დღიანი ვადის დაცვა წარმოადგენდა მომსახურების პირობების ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დაცული იყო.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებლის დარღვეული უფლება აღადგინოს.
ყველა ახალი ამბავი
0