ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: შს და ფინანსთა სამინისტროები ერთობლივ ცენტრს ქმნიან

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე
შსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2025
გამოწერა
ერთობლივი ცენტრის შექმნის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი შეიქმნება.
შესაბამის ცვლილებებს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ. ერთობლივი ცენტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა.
ცენტრის შექმნის მიზანი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო გადაზიდვის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ასევე შს სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების გამოვლენაა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული ცენტრი საბაჟო კონტროლს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელებს.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო საშუალებით იზრდება. ასევე იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპორტისა და რეექსპორტის სტატისტიკაც.
„სტატისტიკის ზრდის ფონზე კი საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების არაერთი შემთხვევა, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იზრდება საჭიროება, გაძლიერდეს საბაჟო კონტროლი და სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობები დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილება ხელს შეუწყობს უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ეფექტიანობის ზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0