სავალდებულო სასკოლო ფორმები და მობილური ტელეფონების აკრძალვა: სკოლებში სიახლეები იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის პირველი გიმნაზია
თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმის დოკუმენტს მიზნობრივ ჯგუფებთან გაიხილავენ, საბოლოო ვერსია კი მთავრობას წარედგინება.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ტესტურ რეჟიმში სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე.
განათლების მინისტრი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას მართავს. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. სავარაუდოდ, მას დეპუტატები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
მინისტრის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 ათასი ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვასაც გეგმავს. მიქანაძის განცხადებით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს.
„მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება“, -განაცხადა მინისტრმა.
სასკოლო განათლება
როგორც გუშინ მიქანაძემ განაცხადა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა. მისი თქმით, შემუშავებულ დოკუმენტს გაიხილავენ მიზნობრივ ჯგუფებთან, საბოლოო ვერსია კი მთავრობას წარედგინება.
როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, განათლების რეფორმა სამ-ოთხ წელიწადში დასრულდება - ამ დროისთვის ახალი კონცეფცია, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ყველა ძირითადი კომპონენტით, სრულად იქნება რეალიზებული.
საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.
საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.
საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო. ყოველწლიურად, საშუალოდ, სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.
ყველა ახალი ამბავი
0