საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, მე-12 კლასი კი ნებაყოფლობითი იქნება

© photo: Sputnik / Stringerსაჯარო სკოლა
საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
საქართველოს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება 2005 წელს შემოიღეს
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ 11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება, მე-12 კლასში სწავლის მსურველთათვის კი ყოველ წელს რეგისტრაციას გავხსნით, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.
გასულ თვეში საქართველოს მთარობამ სასკოლო განათლების რეფორმა დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს 11-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლას. ამან საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველი ახალგაზრდები ვერ შეძლებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებას, რომელთა უმეტესობა 12-წლიანი განათლების მქონე მოსწავლეებს იღებს.
მიქანაძის განცხადებით, მე-11 კლასი პროფილური გახდება, შესაბამისად, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თიოთოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ, დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზანი მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება და სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდაა. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ოჯახები გათავისუფლდებიან იმ წნეხისგან, რაც ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული.
მიქანაძის განმარტებით, 11-კლასიან სწავლებაზე გადასვლა 2027/2028 სასწავლო წლიდან მოხდება. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში, დასძინა მინისტრმა.
რაც შეეხება მე-12 კლასში სწავლის მსრუველებს, მათთვის ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს -კონკრეტულ საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასი გაიხსნება იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი მოსწავლე გაივლის რეგისტრაციას.
„შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც მე-12 კლასის არარსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არცერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებით არ დაზიანდება“, - განაცხადა მინისტრმა.
განათლების მინისტრი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას მართავს. როგორც გუშინ მიქანაძემ განაცხადა, განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა. მისი თქმით, შემუშავებულ დოკუმენტს გაიხილავენ მიზნობრივ ჯგუფებთან, საბოლოო ვერსია კი მთავრობას წარედგინება.
სასკოლო განათლება
საქართველოს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება 2005 წელს შემოიღეს, იმავე წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი წლის ასაკიდან სწავლის დაწყების შესახებ. თუმცა, 2014 წელს სკოლაში შესვლის ასაკი ექვს წლამდე გაიზარდა.
საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.
საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.
საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო. ყოველწლიურად, საშუალოდ, სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.
ყველა ახალი ამბავი
0