ფორმები, პირველკლასელთა ასაკი, ბულინგის პრევენცია: საქართველოში განათლების რეფორმა იწყება

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება, განაცხადა მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„რეფორმის ფარგლებში გაძლიერდება ისეთი ფუნდამენტური საგნების სწავლება, როგორიცაა ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია და გეოგრაფია. არანაკლები ყურადღება დაეთმობა STEM-მიმართულებებს (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და მათემატიკა)“, - განაცხადა მიქანაძემ პრეზენტაციაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს აღზრდა „კონკურენტუნარიანი მოქალაქის, რომელიც დაჯილდოებული იქნება პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, მორალური და ეთიკური ღირებულებებით, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მოვალეობების პატივისცემა, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის მნიშვნელობა მუდმივად ცვალებად პირობებში და იმოქმედებს მდგრადი განვითარებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად“.
ზოგადი განათლების სისტემის რვა კომპლექსური გამოწვევა ახალი კონცეფციის მიხედვით:
1.
საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი;
2.
სასწავლო რესურსები;
3.
სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა;
4.
კავშირი განათლების საფეხურებს შორის;
5.
მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია;
6.
სასწავლო გარემო – ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
7.
სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა;
8.
სკოლების მენეჯმენტი - ფინანსების მართვა.
მას შემდეგ, რაც სამიზნე ჯგუფები დეტალურად განიხილავენ დოკუმენტს და ყველა პოზიცია შეთანხმებული იქნება, იგი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
როგორ გეგმავს სამინისტრო გამოწვევებთან გამკლავებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში:
სპეციალისტები ორი-სამი წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის ახალ სახელმძღვანელოებს დაწერენ.
მინისტრის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამინისტრომ სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით ექსპერტთა ჯგუფები შეარჩია.
„სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები. ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და, რაც მთავარია, იქნება გაზომვადობა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მომავალი სასწავლო წლიდან I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 ათასი ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის თანახმად, საჯარო სკოლების მე-11 კლასი სპეციალიზებული გახდება.
მინისტრის თქმით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში გაძლიერებულად ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით", - განაცხადა მიქანაძემ.
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ.
მიქანაძის თქმით, გაირკვა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, სოციალურ-ემოციური ფონიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
„ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი“, – განაცხადა მინისტრმა.
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.
„საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის ახალი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებზე გავრცელდება.
მოსწავლეები მე-12 კლასში სწავლას შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში შეძლებენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს -კონკრეტულ საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასი გაიხსნება იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი მოსწავლე გაივლის რეგისტრაციას.
მოსწავლეთა სრული ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სკოლებში სასწავლო საათებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით შესაბამისი წესი შემუშავდება.
„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს“, - განაცხადა მიქანაძემ.
კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება, რათა ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ რეაგირება. ასევე საჭიროა სკოლებში ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და მანდატურების რაოდენობის გაზრდა.
მინისტრის თქმით, ბულინგი კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და შესაბამისად საჭიროა კამპანიური ხასიათი ჰქონდეს შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს.
„ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კამპანიური ხასიათი უნდა მივცეთ შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს და ამავდროულად, კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება იმისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა მიქანაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0