პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციაზე 13 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია აქციაზე პარლამენტთან
პოლიცია აქციაზე პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2025
გამოწერა
19 ნოემბერს თბილისში, პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წუხელ ღამით საქართველოს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციის 13 მონაწილე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 ნოემბერს თბილისში, პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. სამართალდამცავებმა მსვლელობის მონაწილეები მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს.
"დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებამ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 21 წლის მათე (ისაკო) დევიძე მელიქიშვილის გამზირზე ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 4 წლითა და ექვსი 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. მათე დევიძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.
მედიის ცნობით, მათე დევიძის სოლიდარობის მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდა.
მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მოხდა.
დემონსტრანტებმა კაკაბაძის ქუჩის სამანქანო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება დაიწყეს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
მანამდე მარშის ერთ-ერთი მონაწილე, თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, ხუსკივაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0