საზოგადოების შეურაცხყოფა: დეპუტატი „ნაცმოძრაობის" სარჩელზე

© Courtesy Irakli Kirtskhalia ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
„ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა ქართული საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს - საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შევა. პირველი უკავშირდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მეორე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება, მესამე კი სარჩელს, რომლითაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, ეს არგუმენტები გადამწყვეტი იქნება საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დროს.
„მათ თავიანთ უფროსებთან კონსულტაციები გაიარეს და მიიღეს დავალება, რომ იჩივლონ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეიტანონ სარჩელი და დაველოდოთ პროცესს", - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა და საბოლოო დასკვნა საზოგადოებას წარუდგინა.
„ამის მერე რომ ამ დასკვნაში კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ ხარ და კიდევ რაიმე სარჩელი შეგაქვს, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენებაა საზოგადოებისთვის, სადაც არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეური მომხრეა დარჩენილი“, - განაცხადა კირცხალიამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მალე გაიმართება იმ დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ისინი დღეს ასაჩივრებენ.
4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო.
სარჩელი, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლლებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა".
პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
საქმის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
ყველა ახალი ამბავი
0