თაღლითობის ფაქტზე „ელიტმშენისა" და „რკ ქართული ბოსტნეულის" ხელმძღვანელი პირები დააკავეს

© photo: Sputnik / StringerМинистерство финансов Грузии
Министерство финансов Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „ელიტმშენის“ და კოოპერატივ „რკ ქართული ბოსტნეულის“ ხელმძღვანელი პირები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ასევე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 ათასი ლარის ფიქტიური დღგ-ის აქტივის შექმნისა და 2 ათასი ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები.
გამოძიების მიხედვით, კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში. კერძოდ, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი 430 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით „ელიტმშენმა“ „რკ ქართულ ბოსტნეულს“ გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა 1,1 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.
თავის მხრივ, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გზით კოოპერატივმა მიიღო დღგ-ის ფიქტიური ჩათვლა 167,918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ის თანხა 2 ათასი ლარი და დამატებით ცდილობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქტიური აქტივის, 100 ათასი ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობის გამო ვერ განახორციელეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის, 19-180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0