თაღლითობის ბრალდებით „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავა, ,,სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას ედავება. პროკურატურის ცნობით, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს.
გამოძიების მიხედვით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ შპს ,,სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - ,,სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა, საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.
აღნიშნულმა პირებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში „სფერო ინვესტის“ სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.
„უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე კი მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ კი მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განხორციელდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვას. ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კი კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
ყველა ახალი ამბავი
0