გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის და არა ჩვენი პრეროგატივაა - ბოჭორიშვილი

© photo: Sputnik / Stringerმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2025
გამოწერა
პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე იქნა მიღებული.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა არ არის და ამაში ქვეყნის დადანაშაულება აბსურდულია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიცია და ევროპელი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების შეუსრულებაში.
„ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ თანამშრომლობის პროგრამების შეჩერების დასჯის მექანიზმად გამოყენება საქართველოსთვის სამწუხარო რეალობას წარმოადგენს.
„რაც შეხება თავად პროგრამებს, არაერთხელ გავიგეთ, მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იქნებოდა საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამის შეჩერება. ეს გადაწყვეტილებაც კარგა ხნის წინ არის მიღებული, თუმცა საკითხის აქტუალიზაციისთვის, კიდევ ერთხელ პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად ვხედავთ, რომ პერიოდულად ხდება დაბრუნება ამ საკითხზე, ეტაპობრივად გამოცხადება ამა თუ იმ პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე იქნა მიღებული. საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში მან განაცხადა, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, შეჩერებულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის რიგ პროექტებში უსაფრთხოებასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0