ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება - პრემიერი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე ჩინეთში
ირაკლი კობახიძე ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2025
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთს პასუხისმგებლიან და მშვიდობიან ზესახელმწიფოდ მიიჩნევს, რაც პეკინთან ურთიერთობებს განსაკუთრებით ღირებულს ხდის
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება უაღრესად ღირებულია საქართველოსთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში, რომელიც 5 ნოემბერს გაიხსნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია შანხაიში 3 ნოემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა.
„გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ჩინეთთან განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
„ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ მოუწევს რაიმე რთული არჩევანის გაკეთება ევროკავშირთან, რუსეთთან, ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირებს შორის.
„არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს. ჩვენ გვაქვს პროდასავლური ხედვა და ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალიან სტრატეგიული და ძალიან მკაფიო მიზანია. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს საქართველოს როლი აღმოსავლეთთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რადგან ევროკავშირს არ აქვს წვდომა რუსულ ბაზარზე და იაფ ბუნებრივ რესურსებთან, ევროკავშირმა უნდა გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთთან.
„2021 წლიდან კი ევროკავშირს არ აქვს წვდომა რუსეთის ბაზარზე, რომელიც ევროკავშირისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო, მათ ასევე დაკარგეს წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა შეეცადოს, გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთთან, აზიის ბაზართან და საქართველოს შეუძლია ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველო შეიძლება გახდეს დამაკავშირებელი რგოლი და „ევროკავშირსაც შეუძლია, მიიღოს სარგებელი საქართველოს წევრობით კავშირში“.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ დაახლოებით 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 17%-ით მეტია და მთელი ბაზრის 8,2%-ს შედგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
ყველა ახალი ამბავი
0