ბახმაროში მიწების მითვისებისა და კოტეჯების უკანონო მშენებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

© photo: Sputnikსუსი
სუსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2025
გამოწერა
დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში თაღლითობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ააიპ "კურორტ ბახმაროს" დირექტორის მოადგილე, დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ერთ-ერთ დაკავებულს დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობას (ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირება, სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნა), მეორეს კი - მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 ათასი აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა.
"მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის 6 ნოემბერს მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 ათასი აშშ დოლარი, რის შემდეგაც ბრალდებული შეხვდა "კურორტ ბახმაროს" დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.
"მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა "კურორტ ბახმაროს" დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0